ალბათ სახლის არცერთ სხვა კუთხეს არ უგულებელვყოფთ ისე, როგორც აივანს. ეს ნაწილობრივ გასაგებია – თუ ხედი და, უფრო ხშირად, ამინდი არ გვიწყობს ხელს, წლის განმავლობაში შეიძლება აქ ერთ დღეზე მეტის გატარებაც არ მოგვინდეს, შესაბამისად არც აივნის გალამაზება გვაღელვებდეს დიდად. მიუხედავად ამისა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ საკმარისი ყურადღების დათმობის შემთხვევაში, აივანიც შეიძლება ისეთივე მყუდრო და სასიამოვნო სივრცედ გადაიქცეს, როგორც სახლის ნებისმიერი სხვა ოთახი, განსაკუთრებით თუ ბინა ზღვის ხედებით არის გარშემორტყმული.
დასაწყისისთვის, დაფიქრდით იმაზე თუ რა დატვირთვით ხმარობთ აივანს ახლა და რა ფუნქცია გინდათ რომ შეიძინოს მან მომავალში, ზოგისთვის მხოლოდ მოსაწევი და სარეცხის გასაშრობი ადგილი სწორი დაგეგმარებით შეგვიძლია მოსასვენებელ და სავახშმო სივრცედაც კი ვაქციოთ. ამისთვის საჭიროა განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები, განრიგი და ბიუჯეტი, თუმცა, რა საკვირველია, ჩვენს ამბიციებზე ყველაზე მკაცრ ზღუდეებს სივრცის ზომა აწესებს. აივნის მოწყობა განსაკუთრებით რთულდება თუკი სამუშაო ფართობი ძალიან ცოტაა, მაგრამ რაღაც ხრიკები ამ შემთხვევაშიც არსებობს.
პატარა აივნის დიზაინი
კორპუსში ცხოვრების ერთ-ერთი არასასურველი გვერდითი მოვლენა მცირე ზომის და ერთი შეხედვით მოუხერხებელი აივნებია. თუმცა აივნის გალამაზება და გაფართოება მცირე გამჭრიახობისა და რამდენიმე დიზაინერული ტექნიკის წყალობით სავსებით შესაძლებელია. აქვე საჭიროა აღვნიშნოთ, რომ “პატარა” საკმაოდ სუბიექტური ცნებაა, ჩვენ შემთხვევაში კი ეტალონად ექვსი კვადრატული მეტრია აღებული.
- შეღებეთ კედლები და / ან იატაკი – დავიწყოთ ისეთი ცვლილებებით რომლებიც მხოლოდ მცირე კრეატიულობას და ორიოდ ქილა საღებავს მოითხოვს. თუ ფასადების ერთფეროვნებამ დაგღალათ, შეგიძლიათ ბავშვობა გაიხსენოთ და კედლების მოხატვა-გაფერადებით დაკავდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს არც ისე მცირე დროსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული, და თუ ბინას ქირაობთ, აუცილებელია კონსულტაციის გავლა მფლობელთან.
- მორთეთ ზღუდე – თუკი საღებავები თქვენთვის არ არის, მაგრამ გამრავალფეროვნება მაინც გსურთ, სცადეთ საკუთარი შემოქმედებითობა ზღუდის გისოსებისკენ მიმართოთ – დააყენეთ მზის ენერგიის პანელები და გახდით უფრო ეკო-მეგობრული, დროშის ჩამოკიდებით დაუჭირეთ მხარი საყვარელ კლუბს, ან თუ აივნის გამწვანება გირჩევნიათ, გაახარეთ ჭრელფოთოლა სურო. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ეს ცნობისმოყვარე მეზობლებისგანაც დაგიცავთ.
- დაამონტაჟეთ რაფა – ეს ვერსია საკმაო რაოდენობის რესურსს მოითხოვს, მაგრამ სანაცვლოდ მოგცემთ საშუალებას რეალურად გააფართოოთ თქვენი ბინის აივანი, რაფაზე კი ყვავილის ქოთნები, ჩიტის სახლი და დეკორატიული განათება შეგიძლიათ განათავსოთ.
- გამოიყენეთ მსუბუქი დასაკეცი ავეჯი – აივნის მოწყობა მის მრავალფუნქციურობასაც უნდა ითვალისწინებდეს – გრილ საღამოს აქ მეგობრებთან ერთად წახემსებას არაფერი სჯობს მაგრამ ეს ადგილი ხანდახან სარეცხის გასაფენად ან ბავშვების გასართობად გვჭირდება. ამ ყველაფერს პატარა ოთახი ერთდროულად ნამდვილად ვერ შეითავსებს. გამოსავალი დასაკეცი ავეჯია, რომელიც შეგაძლებინებთ მარტივად შეავსოთ და გაათავისუფლოთ სივრცე საჭიროებისამებრ. რომ არაფერი ვთქვათ ამინდით გამოწვეული ცვლილებების აუცილებლობაზე – კარგი იქნება თუ ჩვენს ხელიხელ ნაგოგმანებ ავეჯს წვიმას არ გავაფუჭებინებთ!
როგორ მოვაწყოთ დიდი აივანი
დიდი აივნის გალამაზება შედარებით უფრო მარტივია – მეტი სივრცე, და შესაბამისად არჩევანის მეტი თავისუფლებაც გვაქვს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დავიცვათ ბალანსი და არ გადავტვირთოთ სივრცე რათა შევინარჩუნოთ სიმყუდროვეც და ფუნქციურობაც.
- მიანიჭეთ უპირატესობა მინიმალიზმს – ყველა სახლში მოიძებნება ეგრეთ წოდებული junk drawer – უჯრა, სადაც ყველა მივიწყებული ნივთი პოულობს თავშესაფარს. დიდი ზომის აივნები ხშირად ხდებიან მსგავსი მიდგომის მსხვერპლი, ეს კი, გარდა ცუდი ორგანიზაციული სისტემისა, ქაოსური, უსიამოვნო და დამღლელი სანახაობაა. თუ აივნიანი ბინები ბათუმში სპეციალურად ხედითა და ატმოსფეროთი სატკბობადაა შექმნილი, და რატომ უნდა გადააქციოთ ისინი საკუჭნაოდ?
- დაყავით აივანი ზონებად – დიდი აივნის მოწყობა გაცილებით გაგიმარტივდებათ, თუ მას როგორც ფუნქციურად, ისე ვიზუალურად კონკრეტულ ზონებად დავანაწევრებთ. მაგალითად, თუ აქ სასაუზმო მაგიდაც გიდგათ, მოლბერტიც და ბავშვის სათამაშოებსაც ინახავთ, შეგიძლიათ მაგიდის ქვეშ ხალიჩა დააფინოთ, ხოლო სათამაშოები კალათაში ჩააწყოთ და კუთხეში მოათავსოთ.
- დეკორატიული განათება – ეს ალბათ აივნის გალამაზებას ყველაზე მეტად გაგიმარტივებთ – ნებისმიერი სივრცე, რაც უნდა უბრალოდ იყოს იგი გაფორმებული, შესაფერისი განათებით სრულყოფილებას უახლოვდება. არჩევანი ნამდვილად დიდია – წვრილ-წვრილი გირლანდებიდან დაწყებული მასიური ლამპიონით დამთავრებული, შუქის წყაროდ ყველაფრის გამოყენება შეიძლება თუკი საკმარისი კრეატივი და ბიუჯეტი გაგვაჩნია. გირჩევთ სინათლის ტემპერატურა არსებული დეკორაციების ფერს შეუხამოთ, რათა გულდასმით მოწყობილი აივანი ღამითაც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს.
როგორ გავამწვანოთ აივანი
თუ სახლში სიცოცხლისა და ფერების შემოტანა გსურთ, მაგრამ არც ცხოველების შენახვის საშუალება და არც სიღრმისეული რედიზაინის ბიუჯეტი გაქვთ, შეგიძლიათ აივნის გამწვანებასა და საკუთარი თავისთვის მცირე ოაზისის მოწყობაზე დაფიქრდეთ. თუ პატარა აივანი გაქვთ შეგიძლიათ ერთი მაღალი მცენარე, მაგალითად მონსტერა, შეიძინოთ და ოთახის ფოკალურ ცენტრად აქციოთ, ან ვერტიკალური ბაღი გააშენოთ – კედელზე მიმაგრებულ თაროებზე განალაგოთ მცირე ყვავილები ან მწვანილი; დიდი ზომის სივრცეში კი ბოსტნეულის მოყვანაც შეიძლება.
აივნის გამწვანება არც ისე ძნელი, თუმცა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა, ამიტომ სანამ დიდ ნაბიჯებს გადადგამთ კარგი იქნება თუ მცენარეთა გარემოსადმი მდგრადობას, მოვლის სირთულესა და საკუთარ რესურსებზე დაფიქრდებით, ამის იქით კი შესაძლებლობები უსაზღვროა.
აივნის მოწყობა ყველასთვის განსხვავებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროცესია, ამიტომ ზოგადი რჩევების გაცემა არც ისე მარტივია. მთავარია გახსოვდეთ, რომ დაბალანსებული, მყუდრო და მრავალფეროვანი გარემო სასიამოვნო დასვენების საწინდარია. ბინები ჩაქვში ზღვასთან ახლოს კი სწორედ სასიამოვნო დასვენებისთვის აუცილებელ ხედებსა და ჰავას გპირდებათ.